ილტოსპირელი

პერსონალური ბლოგი
Follow Me

არტისტული არტანი - ხვარამზეობა იორზე



By  ნოდარ თოთაძე     14:56     

ამოიმზევა არტანმა
ხვარამზეს ლექსის პწკარებით,
სულ ყვავილებით მოჩითა
ივრის ხეობის კარები.

ვაჟიკას ცხენის ნატერფალს
ისევ ღობავენ თვალები,
ქალაქით ამოსულები
წაწლებს ეძებენ ქალები...

შაირის შარიშურია,
რეკენ სტრიქონთა ზარები,
ხინკლით და ჟიპიტაურით
დამთვრალან ფშავლის ხარები.

დამშვენებულან მთა-ველნი
ზვინებით, ნათიბარებით
მისდევენ ყაფრისგორისკენ
ზეცას ნისლები მთქნარებით.

მეც აქეთ გადმოვატარე
ილტოსპირული ქარები,
გნახე და ვერ მოგეფერე,
ფიქრები მკორტნენ მწარები...

შინისკენ უნდა წავიდე,
შენც შენს გზას წაემძღვარები...
მოდი, და, შავო მიწაო,
გულზე ნუ დამეფარები!..

About ნოდარ თოთაძე


No comments:

Post a Comment