ილტოსპირელი

პერსონალური ბლოგი
Follow Me

დისტანცირება (ჭოგრიტით წასაკითხი ლექსი)



By  ნოდარ თოთაძე     15:28     

დიდი ხნის მანძილზე, 
ერთმანეთს რომ ვეღარ ვხვდებით,
ეს მაგონებს სიტუაციას, 
როდესაც ცას ღრუბელი გამოემურება და
ვარსკვლავებს ერთმანეთისაგან აშორებს,
როდესაც ქარიც არ ქრის,
ღრუბელიც არსად მიემართება და
ვარსკვლავები, 
განცალკევებულნი ბუნების უხიაგი ახირებით,
ნელ-ნელა კარგავენ კაშკაშს და 
რიჟრაჟის ცრიატში იფერფლებიან...

არ მიყვარს ღრუბლიანი ღამეები,
არ მიყვარს ღრუბლიანი და უქარო ამინდები,
არ მიყვარს ღრუბლიანი ღამეების და უქარო ამინდების მიერ
განცალკევებული ვარსკვლავიანი ცისთვის ცქერა,

რადგან

ასეთი სურათები,
ასეთი კადრები,
ასეთი სამყარო
ყოველთვის მაგონებს დროს,
როდესაც ჩვენ ასე შორს ვართ ერთიმეორისაგან...

რადგან მგონია,
რომ:
ღრუბლიანი საზღვრების მიღმა,
მანამდე ერთსულ და ერთხორც მყოფი ვარსკვლავები,
შეიძლება იოლად გადაენთონ სხვა ვარსკვლავებს...
სხვა სიამეში შევიდნენ და
ძველ სიახლოვეს სამუდამოდ დაესვას
წერტილი...

ანუ 
გარდაიცვალოს სიყვარული...

მე კი 
არ მინდა სიცოცხლე 
ქვეყანაში,
სადაც არ გალობს მზე,
სადაც არ ანთია მთვარე,
სადაც არ ყვავიან ვარსკვლავები,
სადაც სიყვარული მკვდარია და 
სამყარო ნაცრისფერი სიცარიელით იმოსება...

მე ხომ სიყვარულით ვსუნთქავ,
მე ხომ შენით ვარსებობ...
მე ხომ...

About ნოდარ თოთაძე


No comments:

Post a Comment