ილტოსპირელი

პერსონალური ბლოგი
Follow Me

ახლა წერენ,რომ:
ზედმეტია ეს სიყვარული,
რომ დადგა სხვა დრო
და ლექსისაც უკვე საგანი
სულ სხვა რამეა,
რომ ცხოვრების მთელი მარილი
არის გარემო ფსკერის,ჭუჭყი,კვდომა,ნაგანი.

რომ სუფთა სტრიქონს
გაუვიდა ყავლი,მაზანდა,
რომ ეს რითმებიც,
როგორც ფუჭი მარგალიტები,
დროა, მივყარო დახურულთან,
სადმე ბაზართან,
თორემ უთუოდ, ვით პოეტი, გავიღლიტები...

იცვალა ხალხი,
მიმართებაც იცვალა ხალხში:
კაცი კაცს,
ქალი ქალს დაეძებს, როგორც მიჯნური,
და ფატალურად მოთუხთუხე ვნების წიაღში
ერთმანეთზეა ცოდვა-მადლი გადახინჯული.

მაგრამ რადგანაც
მე ისედაც პროვინციელი
ვიყავი,
ვისაც არ ესმოდა ქალაქის ეს ხმა,
შენი თვალების გამახელებს ისევ ციალი
და მომინდება კვლავ რითმების რითმებზე შესხმა!

კვლავ უშენობა ამიდუღებს სისხლსა და სხეულს,
ისევ ტრფიალის მომაქანებს შენსკენ მისანი,
დარჩება კვლავაც სიყვარული ჩემს ლექსს სახელად

ვით მთვარის სხივთა თეთრი სანთლები,
ნუგეშად ჩემდა ცით ნამზითევი,
ნაზად და ციმ-ციმ მოემართება
ჩემს ხელებისკენ შენი თითები...

დათლილან სწორად და ლბილ ხაოებს
მათი კანისას მკრთალის, ნატიფის,
იოლად ძალუძს აახმაუროს
ჩემი ვნებების სუსტი სათიბი.

როგორც ლოცვების წმინდა სვეტები,
როგორც სურვილთა წრფელი თასები,
უკვე სხეულში ვეღარ ვეტევი
მათზე ამბორით ნაათასევი...

როგორც მარცვლები ციურ მანანის,
ო, ეგ თითები, იმგვარ ალერსით,
მეფერებიან, როგორც არავის
არ ფერებიან და არც არ ესმის.

მე ვხედავ მხოლოდ მაგ მშვენიერი
და მომხიბლავი წვეთების ქარონს
და ისიც ვიცი, რომ ბედნიერი
ვიქნები, თუკი შევძლებ ვიკმარო...

სითბო, რომელსაც გადმომცემ მიწყივ,
როდესაც ჩემს თმებს თითები შენი
ეხებიან და არ ივიწყებენ
და კვლავ სიცოცხლის ძალებს მიშენენ...

დიდი ხნის მანძილზე, 
ერთმანეთს რომ ვეღარ ვხვდებით,
ეს მაგონებს სიტუაციას, 
როდესაც ცას ღრუბელი გამოემურება და
ვარსკვლავებს ერთმანეთისაგან აშორებს,
როდესაც ქარიც არ ქრის,
ღრუბელიც არსად მიემართება და
ვარსკვლავები, 
განცალკევებულნი ბუნების უხიაგი ახირებით,
ნელ-ნელა კარგავენ კაშკაშს და 
რიჟრაჟის ცრიატში იფერფლებიან...

არ მიყვარს ღრუბლიანი ღამეები,
არ მიყვარს ღრუბლიანი და უქარო ამინდები,
არ მიყვარს ღრუბლიანი ღამეების და უქარო ამინდების მიერ
განცალკევებული ვარსკვლავიანი ცისთვის ცქერა,

რადგან

ასეთი სურათები,
ასეთი კადრები,
ასეთი სამყარო
ყოველთვის მაგონებს დროს,
როდესაც ჩვენ ასე შორს ვართ ერთიმეორისაგან...

რადგან მგონია,
რომ:
ღრუბლიანი საზღვრების მიღმა,
მანამდე ერთსულ და ერთხორც მყოფი ვარსკვლავები,
შეიძლება იოლად გადაენთონ სხვა ვარსკვლავებს...
სხვა სიამეში შევიდნენ და
ძველ სიახლოვეს სამუდამოდ დაესვას
წერტილი...

ანუ 
გარდაიცვალოს სიყვარული...

მე კი 
არ მინდა სიცოცხლე 
ქვეყანაში,
სადაც არ გალობს მზე,
სადაც არ ანთია მთვარე,
სადაც არ ყვავიან ვარსკვლავები,
სადაც სიყვარული მკვდარია და 
სამყარო ნაცრისფერი სიცარიელით იმოსება...

მე ხომ სიყვარულით ვსუნთქავ,
მე ხომ შენით ვარსებობ...
მე ხომ...

როგორ გამირბის, ღმერთო ჩემო, სული მთისაკენ,
როგორ ამოკლებს სწრაფვა ჩემი დიად მანძილებს..
მაგრამ, ქალაქო, გრძნობა ისე მი-მომისარკე,
რომ ხიბლი შენი ტრფიალების ცრემლად მამძივებს!..

მაშ რა აჩერებს ჩემს სუსტ სხეულს ამ შენს ხაროში,
ვით ეგუება ტვინი ჩემი ამ ბებერ დილეგს,
მე - დაბადებულს იმ ლამაზ და მშვიდ სამყაროში,
ვით შეიძლება რომ მომწონდეს ეს სინამდვილე?!.

ეს სინამდვილე - შემკობილი მზერის ეკლებით,
და თვალთმაქცობის, პირფერობის ბასრი ლინგებით,
სად ირონიით ჩამსხვრეული დამაქვს ნეკნები
და კაქტუსებით მიფენია გზა-ბილიკები!..

 სადაც ჩემს ფიქრებს, სიტყვას, სტრიქონს, ფრაზას და ბგერას,
იქნებ ყვავილის ფურცელზედაც მსუბუქს და სათნოს,
რომელსაც ქვეყნად სიყვარულის ბავშვივით სჯერა,
რატომღაც მხოლოდ გულგრილობის ფიფქები ათოვს!.. 

ჰო, ალბათ, ისევ სიყვარული, თორემ, რა ვიცი,
სხვას რას შეეძლო ჩემი ლტოლვის დალაგამება,
ეგ არის, დიახ, ძვლებზე ტყავად რომ გადავიცვი,
მაგით რომ ვცადე მთელი სულის დალაქავება!..

მსხვერპლი ვარ შენი, სიყვარულო, ვიძახი ღიად,
და სულ ამაოდ თუ გამირბის მთებისკენ მზერა...
ქარებმა შლეგმა ქალაქს ლექსად გადამახია,
რომ სუნთქვა ჩემი შენს თბილ მკერდზე გადამეწერა.
                                                                         
                                                                         მაშა დუმილიც მიითვალე
                                                                         შენდამი ტრფობად...
                                                                         ნ. ბარათაშვილი

სიყვარულია ეს მანძილიც, სივრცეც, სიშორეც,
სიყვარულია ლტოლვაც, სწრაფვაც, ქროლვაც შენამდე,
სიყვარულია შენზე ფიქრს რომ ვეღარ ვიშორებ,
სიყვარულია, რომ აღარ გსურს, გულო, შეამდე...

სიყვარულია ბგერაც, სიტყვაც, მრავალწერტილიც,
სიყვარულია გრძნობაც, განცდაც, ფიქრიც, ოცნებაც,
სიყვარულია ლექსიც ასე თავაწყვეტილი
სიყვარულია ყველაფერი, რაც იკოცნება...

სიყვრულია ეს დუმილიც, სიჩუმეც, მოცდაც,
სიყვარულია რომ აღარ მსურს ყოფნა უშენოდ,
სიყვარულია ჯერ რომ სულზე შემომაცოცდი,
სიყვარულია ხორცსაც ცეცხლი რომ გსურს უშენო...

მგონი ის დროა, მივატოვო სიტყვის მადნები,
მხოლოდ გისუნთქო, გიგრძნო, მზერა გაპყრო ნათებას,
რადგან სიყვარულს შენსას, ვიცი, შემოვადნები,
როგორც სანთელი, როგორც ცვილი უფლის ხატებას...