ამდენი ტრფობის უხმო კითარებს
რომ ვამუსიკებთ და, ვით წესია,
უმთავრეს აზრს კი არ ვავითარებთ.
არ ვამბობთ, რასაც უნდა ვამბობდეთ,
არა ვწერთ ბგერებს უფრო ხორკლიანს:
რომ საქართველო ამოვაბოდეთ
და დაუნდობლად ჩვენვე მოვკალით.
რომ ვცურავთ სისხლში ჩვენივ მოყვასის,
დავცალეთ ურცხვად თიხის ჭურჭლები
სულისგან და ზედ არც კი ვუყურებთ,
ქუჩაში ქრისტე რომ ზის უჭმელად.
რომ რაც ქილიკი და ხორხოცია
გაბედითებით ზედა მჯდომელთა,
არ ამოვშანთეთ, არ ამოვცელეთ
მათი თარეში მიუწვდომელი.
რომ ჩემი ლექსიც ისე გავწალდე
ტკივილებისგან, მამულს რომ კორტნის,
გავათამამე სიტყვა წაწალი
და დავდგი ვნების ზედ ნატურმორტი.
გავაიაფე სიტყვა და ფრაზა
და ვსვამ სურვილებს თლილი ფიალით,
რომ სტროქონები ჩემი ანზდად
ტრფიალია და მხოლოდ ტრფიალი.
მართალიც კია ვინმე ეგების
რომ მიკიჟინებს: ვედრო ლარადო
მოუტანია მიშას ლექსები
და იმკის ქებებს ჰაიჰარადო!
მაგრამ ეჰ, ქნარო, სიმებნაწურო,
მაგრამ ეჰ, სულო გვემაში მდგარო,
ძვალ-ხორცის შიგნით რაც გირწმუნია,
ანდა რისთვისაც გიდგათ დგანდგარი...
თქვენ მაინც ხომ ხართ უტყვი მოწმენი
და ციდან უფლის მზერავ მართალო,
რომ კი არ ვგალობ, ანდა ვწუწუნებ,
არამედ ვხავი როგორც აფთარი.
შენზედ, მამულო დასაფიცარო
და კიდევ შენზედ, ადამიანო!
-ჩემს ქვეყანაში სიოც არა ქრის,
გულზე მე რომ არ გადამიაროს!
არც, რაც არ უნდა წყალივით დენდეს,
ჩემი ლექსები, უსაგნოდ არ დის,
ყველა მათგანში თავს იკლავს დენდი
და საქართველოს მიჰყვება დარდი!..








No comments:
Post a Comment